ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას, რომელსაც გამთენიისას, აქციის დარბევის გაშუქების დროს სპეცრაზმელი დაესხა თავს, სახის ძვლების და კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა აქვს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„კისერი დაფიქსირებულია. ნანახია ყბა-სახის და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია “, - უთხრა ექიმმა ჟურნალისტებს.
გურამ როგავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - საპოლიციო ძალების მიერ აქციის ძალადობრივ დაშლას და დემონსტრანტებზე სასტიკ ძალადობას აშუქებდა, როდესაც მას ერთ-ერთი სპეცრაზმელი მიეპარა და დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჟურნალისტი ძირს დავარდა.
„ამ ადამიანს არ ამოიცნობენ, ვერ გავიგებთ ვინ იყო ის, ვინც თავს დამესხა. ამ ადამიანებს ჰქონდათ მწვანე შუქი მიცემული, რომ გაეკეთებინათ ზუსტად ის, რაც გამიკეთეს მე. მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი - ვაშუქებდი, მიკროფონი მეჭირა ... რაღაც მძიმე ჩამარტყა, არ ვიცი, რა ეკეთა ხელზე“, - თქვა გურამ როგავამ.
28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დარბევის დროს სულ მცირე 20 ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულები არიან როგორც ტელეკომპანიების, ისე ონლაინმედიის თანაშრომლები. სახალხო დამცველმა სამი ჟურნალისტის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევა გამოავლინა.
სპეცრაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევა ღამის დაახლოებით 2 საათზე დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რომელსაც ქიმიური გამაღიზიანებლები ჰქონდა შერეული. სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-მ შეკრების თავისუფლება დაარღვია, რადგან იმ დროს, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით მოქალაქეების დაშლა დაიწყო, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.
„ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
აქციაზე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობის საბაბით, 43 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც - 353-ე პრიმა მუხლი პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილი ეხება სხვისი ნივთის განადგურებას, ან დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად.
