პოლიციამ თბილისში, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
შსს-ს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 353-ე პრიმა მუხლი პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილი ეხება სხვისი ნივთის განადგურებას, ან დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად.
შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“, უწყების 32 თანამშრომელი დაშავდა.
„დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი სამართალდამცველი“, - აცხადებს შსს.
სპეცრაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევა ღამის დაახლოებით 2 საათზე დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რომელსაც ქიმიური გამაღიზიანებლები ჰქონდა შერეული. სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-მ შეკრების თავისუფლება დაარღვია, რადგან იმ დროს, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით მოქალაქეების დაშლა დაიწყო, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.
დარბევის დროს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ათობით მოქალაქეს. ისინი მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და ძალადობის გაშუქებას ცდილობდნენ.
შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
„აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება“, - აცხადებს შსს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის საღამოს დაიწყო და 29 ნოემბრის დილამდე გაგრძელდა. მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტთან შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. კობახიძის თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
