საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და აქციის მონაწილეებზე „ქართული ოცნების“ „მიმდინარე ძალადობას“ ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები, რომელიც ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად.
„საქართველო უკეთესს იმსახურებს“, - აცხადებენ საელჩოში.
ბოლო დღეებში, თბილისსა და ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე ათობით მომიტინგე დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები.
11 იანვარს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს გამოცემების „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
12 იანვრის აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით „ბათუმელების“ ოპრატორი გურამ მურვანიძე დააკავეს. 13 იანვარს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ 5 და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების, მათე ცენტერაძის და ელიზბარ ჩხიკვაძის მიმართაც. 12-დღიან პატიმრობაში დარჩა პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე. სამივე ბათუმში დააკავეს.
15 იანვარს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას. თავდამსხმელთა შორის იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე.