ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАSS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემი გუნდი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მე წარვადგენ კანდიდატურას“, - თქვა ბჟანიამ.
როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც საბოლოოდ მისი გადადგომა მოჰყვა, „სახელმწიფოს იმიჯი სერიოზულად დააზიანა“.
„არჩევნები ჭეშმარიტების საზომია. არჩევნების შედეგად გაირკვევა, თუ ვის უჭერს მხარს მოსახლეობა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს თვეებში გაიმართება. კენჭისყრის დღის თარიღზე მიმდინარე კვირაში დე ფაქტო პარლამენტი იმსჯელებს. როგორც ცნობილია, ხუთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა იქნება.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებაზე უარის თქმა და ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. მათ დე ფაქტო პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მინისტრთა კაბინეტის შენობები დაიკავეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, ასლან ბჟანიამ სოხუმი დატოვა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ქმედებებს „სახელმწიფო გადატრიალებად“ აფასებდნენ. 18 ნოემბერს, საღამოს, ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირისპირ მოლაპარაკებები დაიწყო, რის შედეგადაც მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ბჟანია გადადგებოდა, ხოლო ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო შენობებს დატოვებდა. 19 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 28 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბჟანიას გადადგომის საკითხს. შეთანხმების შესაბამისად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრემიერი ბადრა გუნბა შეასრულებს. მან ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ალექსანდრ ანქვაბი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვალერი ბგანბა დანიშნა.
