ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა მიუღებელია, ეს ძალადობრივი ქმედებები უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისი პირების პასუხსიმგებლობა დადგეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
მინისტრის შეფასებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლის ნაცვლად უკან გადადგა ნაბიჯები, რაც „ძალიან სამწუხაროა, მით უმეტეს, რომ ქართველების დიდ უმრავლესობას სურს პროევროპული კურსი და ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოდის“.
„ჩვენ ვხედავთ უკუსვლას რეფორმების მიმართულებით მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. ჩვენ ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებსაც კი, როგორიცაა კანონმდებლობა, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებას ან საპარლამენტო არჩევნების დროს ეუთო/ოდირის მიერ გამოვლენილი დარღვევები. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.
მე ჩემს ქართველ კოლეგას ნათლად ვუთხარი, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობა დადგეს“, – განაცხადა ავსტრიელმა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე .
როგორც მან აღნიშნა, ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას შეუჩერა 120 მილიონ ევროზე მეტი პირდაპირი დახმარება. ასევე, შეჩერდა „ევროპის სამშვიდობო ფონდის“ მხარდაჭერა, რომელიც 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი და არ არის დაგეგმილი რაიმე მხარდაჭერა მიმდინარე, 2025 წლისთვის.
ამასთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
„ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. მოვლენების შემდგომი განვითარება მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე.
დარწმუნებული ვარ, კითხვა, თუ როგორ უნდა მივყვეთ ევროკავშირისკენ გზას, მთლიანად თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე ნათელია, რომ ჩვენ მივესალმებით თქვენს უფრო აქტიურ ძალისხმევას ამ ევროპული გზისკენ.
მე წინააღმდეგი ვარ კარის ბოლომდე დახურვის. ვფიქრობ, ეს ნათლად განვაცხადე დღევანდელ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები. ვენა დიდი ხანია არის დიალოგისა და დიპლომატიის კერა. როგორც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ასევე ქართველი კოლეგების ვიზიტი ვენაში, ეუთოში, ხაზს უსვამს ამ როლს.
ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს გაწევრიანების გზაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელი მოქმედებების კურსს.
ასევე, პროევროპულ კურსზე დაბრუნება თანხვედრაში იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებასთან, რომელთა 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.
ავსტირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირებს მოუწოდა, დაძლიონ განხეთქილება და პოლარიზაცია.
ავსტრიული მხარის ინფრომაციით, შეხვედრის სხვა თემები მოიცავდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის მცდელობებს. ბეათე მაინლ-რაიზინგერმა აღნიშნა, რომ საჭიროა ძალების გაერთიანება, რუსეთის ცრუ ნარატივებთან დასაპირისპირებლად.
მაკა ბოჭორიშვილი პრესკონფერენციაზე არ გამოხმაურებია ბეათე მაინლ-რაიზინგერის კრიტიკულ განცხადებებს და მას მადლობა გადაუხადა სხვადასხვა საკითხზე მოსაზრების გაზიარებისთვის. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზშიც არ ასახულა ავსტრიელი დიპლომატის განცხადებები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას ეხებოდა.
