აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს ხელისუფლების კრიტიკოსი, პოლიტიკის მკვლევარი ბაჰრუზ სამადოვი, რომელიც სომხეთთან მშვიდობის მხარდამჭერია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
Turan-ის ინფორმაციით, ბაჰრუზ სამადოვის დაკავება 21 აგვისტოს საღამოს მოხდა. გამოცემას ბებიამ განუცხადა, რომ მისი შვილიშვილი სახლიდან დაახლოებით 16:00 საათზე, მეგობართან შესახვედრად გავიდა.
„ნახევარი საათის შემდეგ ჩვენთან სახლში 5-6 ადამიანი მოვიდა, თავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად წარადგინეს და თქვეს, რომ ბაჰრუზზე იყო საჩივარი, რომ ნარკოტიკებითაა დაკავებული. სახლი გაჩხრიკეს და წაიღეს ბაჰრუზს კომპიუტერი, პასპორტი, უცხოური უნივერსიტეტების ორი დიპლომი და წიგნი ინგლისურ ენაზე, რომელშიც ბაჰრუზის სტატიაა. ნარკოტიკი ვერ იპოვეს“, - თქვა დაკავებულს ბებიამ.
მოგვიანებით მას ადვოკატმა აცნობა, რომ სამადოვი „ღალატშია“ ეჭვმიტანილი - თითქოსდა, აღმოჩენილია მისი მიმოწერა სომხებთან და რომ ის მათი დაკვეთით წერდა სტატიებს. ბებია ამ ბრალდებებს უარყოფს.
„ბაჰრუზი სამეცნიერო კვლევებით იყო დაკავებული. ის ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტია. შვებულებით ერთი თვის წინ ჩამოვიდა“, - თქვა ბებიამ. მისივე ინფორმაციით, ბაჰრუზ სამადოვი უკან 22 აგვისტოს უნდა გაფრენილიყო.
ხელისუფლებას ბაჰრუზ სამადოვის დაკავების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
როგორც Turan-ი წერს, სამადოვი თავისი პაციფისტური შეხედულებებით არის ცნობილი. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული სტატიები და კომენტარები დასავლურ მედიასაშუალებებსა და ანალიტიკურ გამოცემებში ქვეყნდებოდა, არის OC Media-სა და „ბაქოს კვლევითი ინსტიტუტის“ (BRI) ავტორი.
ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში რამდენიმე ათეული ჟურნალისტი, უფლებადამცველი და პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს. ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსის, Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორის აფგან სადიგოვის დაკავება თბილისში მოხდა. ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოდან, ის საექსტრადიციო პატიმრობაშია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის საქმეზე იძებნებოდა. როგორც უფლებადამცველებმა განაცხადეს, ბაქოში მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღძრეს. სადიგოვის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ დაკავება მის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება. აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობდა. დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ის ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ ის არ დაუკავებიათ და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
როგორც ის ამბობს, აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.
