თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის საფუზველზეც მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
- 6 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს და სასამართლოს ალტერნატივის სახით შესთავაზეს გირაო 2000 ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, რომლითაც მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და საერთაშორისო თავშესაფრი მოითხოვა.
„მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოება, კერძოდ, სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის პროცესს“, - აცხადებენ ადვოკატები.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს შეესწრო მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები. ადვოკატების განცხადებით, აფგან სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულის ინტერესების დამცველებს განუმარტეს, რომ აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით - აზერბაიჯანში მას ბრალად ედება „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის არაერთგზის გავრცელების მუქარა“. „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა, 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ დახმარების თხოვნით საქართველოს გენპროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სევინჩ სადიგოვა მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნება და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებითაა დაკავებული.
დაკავებამდე ორი კვირით, 18 ივლისს, ადრე აფგან სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ ის არ დაუკავებიათ და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.
აფგან სადიგოვის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ხელისუფლებას მისი „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
სადიგოვის პატიმრობას გამოეხმაურნენ Amnesty International-ი და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტიც. Amnesty International-ი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტის ექსტრადირების მცდელობები - საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას ითხოვენ. ამასთან, Amnesty International-ის შეფასებით, სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციის გაგრძელებაა.