ბაიდენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით იმედგაცრუებულია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ის რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

ჯო ბაიდენი ასევე წერს, რომ ის აღნიშნავს მკაფიო ნებას ქართველი ხალხისა, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას“.

„შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.

მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“, - წერს ჯო ბაიდენი წერილში.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩერა.

რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. გადახედვის ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა აამოქმედა მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“, რომელიც საქართველოში ივლისის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი ვადით გადადო. 31 ივლისს კი, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. დახმარების შეჩერების მიზეზი მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებებია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.