საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი ხრისტო გროზევი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას მისი მოწამვლის გამოძიებასთან დაკავშირებით და ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარება შეთავაზა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ გამოძიებით დაინტერესებულნი არიან. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუ ისინი მზად არიან, გაგვიზიარონ მონაცემები - ეჭვმიტანილი ადამიანების ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რასაც ისინი მიიჩნევენ, რომ დამატებით შემოწმებას საჭიროებს“, - განაცხადა გროზევმა რუსულ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, Bellingcat-ის ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ექიმ-ტოქსიკოლოგის დასკვნას, კონსულტაციები გაიარეს რუს მეცნიერებთან, რომლებიც ქიმიური იარაღის საკითხებზე მუშაობენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის ვერსია ყველაზე სავარაუდოა.
„დიახ, ეს არის მოწამვლის სიმპტომები, რომლებიც შეესაბამება მძიმე მეტალების გამოყენებით მოწამვლას. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჯერჯერობით ეფუძნება მხოლოდ სიმპტომებს, იმიტომ, რომ თეორიულად შესაძლებელია ეს სიმპტომები იყოს ე.წ. მკურნალობის შედეგიც“, - განაცხადა ხრისტო გროზევმა.
„დოჟდის“ ინფორმაციით, გროზევს მიაჩნია, რომ სააკაშვილის მოწამვლის მოტივიც არსებობს - მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი შედის „რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მტრების წრეში“.
მიხეილ სააკაშვილმა ხრისტო გროზევს საჯაროდ 4 იანვარს მიმართა. „ძვირფასო ხრისტო, დიდი ხანია ვარ თქვენი საქმიანობის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა“, - წერდა სააკაშვილი Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ალბათ იცით, რომ ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუიორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ ამა წლის მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში. მართლაც, მარტში თავს ვგრძნობდი ძალიან ცუდად, მქონდა მაღალი სიცხე, კრიზისული მდგომარეობა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი. კოვიდ ტესტები იყო უარყოფითი. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. ციხის ხელმძღვანელობას მოუწია ჩემი გადაყვანა კლინიკაში, სადაც ექიმებმა მაშინვე მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე, მაგრამ ადმინისტრაციამ მაქსიმალურად გაწელა დრო, რათა საწამლავის კვალი გამქრალიყო სისხლიდან. მათთვის სამწუხაროდ, ბევრად მოგვიანებით, საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა ჩემს თმასა და ფრჩხილებში“.
ყოფილმა პრეზიდენტმა ხრისტო გროზევს სთხოვა, გამოიძიოს „რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში“. წერილში ის მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი, გენერალი სერგეი ბესედა და სხვა თანამდებობის პირები ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში, რაც, მისი თქმით, „დადგენილი ფაქტია“.
„თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები? დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - მიმართა ხრისტო გროზევს სააკაშვილმა.
Bellingcat-ი მკვლევარების, გამომძიებლების და მოქალაქე ჟურნალისტების დამოუკიდებელი საერთაშორისო ჯგუფია, რომელიც გამოძიებისთვის ღია წყაროებს და სოციალურ მედიას იყენებს. Bellingcat-ის გამოძიებებს შორისაა 2018 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილებად რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების იდენტიფიცირება. Bellingcat-ი ასევე მონაწილეობდა ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელმაც დაადგინა, რომ 2019 წლის აგვისტოში, გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. გამოძიების თანახმად „ქილერი“ ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანულმა სასამართლომ ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მომზადებას სწორედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ბაზებზე გადიოდა და სპეცსამსახურებისგან მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ყალბი სახელითა და გვარით.
ამ თემაზე:
უცაბედი სიკვდილის საშიშროებაა, რადგან სააკაშვილს სწორი მკურნალობა არ უტარდება - ამერიკელი ექსპერტი