ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 ნოემბრის დადგენილებით გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, ასევე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ ჟორჟოლიანის ყოველთვიური ხელფასი, საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის დადგენილების თანახმად, 5300 ლარი იყო და 5500 ლარი გახდა; საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი მირიანაშვილის ხელფასი 4250-დან 4500 ლარამდე გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს - ნონა რეხვიაშვილი და რასულ ბახტიაროვი. თითოეულის ანაზღაურება იყო 3650 ლარი, გახდა 3850 ლარი.
ბოლნისის საკრებულოში ოფიციალურად 5 კომისიაა შექმნილი. 250 ლარით გაიზარდა კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურებაც და 3500 ლარი გახდა. საკრებულოში 2 ფრაქციაა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი იყო 3250, გახდა 3500 ლარი.
400 ლარით გაიზარდა ფრაქციის თავჯდომარის მოადგილის ხელფასი და 2500 ლარი გახდა. საკრებულოს 10 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, ორ ფრაქციას თავმჯდომარის 9 მოადგილე ჰყავს.
საკრებულოს აპარატში განმარტეს, რომ აქამდე ხელფასები არასწორად იყო დაანგარიშებული და უზუსტობის გასწორება - ხელფასების გაზრდით, მერიამ მოითხოვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსს სოლომონ ჩარკვიანს ვკითხეთ, კანონის რომელი მოთხოვნა ირღვეოდა, თუ საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობის პირები ხელფასს არ გაიზრდიდნენ. „პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში კანონი არ ირღვეოდა“ - გვითხრა ჩარკვიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარია. აქედან, თითქმის 9 მილიონი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას ხმარდება.
ბოლნისის რაიონში 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ სამშია, ოთხ სოფელში კი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები ფუნქციონირებს. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.
მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 16 ათასი ლარია გათვალისწინებული.
