ბუნდესტაგის წევრი: „ქართული ოცნება“ სრულიად მოწყვეტილია მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბუნდესტაგის წევრი გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან, ტომას ჰაკერი, რომელიც საქართველოში იმყოფება, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ, ისევე როგორც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გერმანელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ჯერ კიდევ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა და არ აჩვენებს ნიშანს, რომ დათმობას აპირებს. ამასთან, ის ამბობს, რომ პრაქტიკაში, მმართველი პარტიის კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

„მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებისა და რუსეთის მიერ თავსმოხვეული კანონის წინააღმდეგ, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას. გუშინ მოვახერხე გავყოლოდი მშვიდობიან დემონსტრაციადა მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ფეთქავს, - ამბობს ტომას ჰაკერი.

2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, ხოლო დღეს, 29 აპრილს, კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილება. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ კანონი „კრემლის მიერ შთაგონებულად“ მოიხსენია და ხელისუფლებას მოუწოდა, არ მიიღოს. მსგავსი ჩანაწერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. 425 ევროპარლამენტარი გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებულია რუსეთის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს მათ დისკრედიტაციას, გამოიყენება ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ევროპარლამენტი კანონს კატეგორიულად გმობს და აღნიშნავს, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).