ევროპარლამენტმა 425 ხმით დაამტკიცა ხუთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის ხელახლა შემოღების მცდელობის და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის“ შესახებ. რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო 25 ევროპარლამენტარი, 30-მა კი თავი შეიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.
ვიდრე რუსული კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას. შესაბამისად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული კანონის განხილვა.
ევროპარლამენტი გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებულია რუსეთის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს მათ დისკრედიტაციას,
ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მოწინააღმდეგე ოპოზიციის ჩასახშობად და ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად.
რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, მხარი დაუჭირეს მასში ინიცირებულ შესწორებებსაც, რომელთა მიხედვითაც, ევროპარლამენტი:
- მოუწოდებს ევროკომისიას, დაუყოვნებლივ შეაფასოს „უცხოური აგენტების“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;
- გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ პერსონალურ როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაში, შეირყეს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსი რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ. იმეორებს მოწოდებას ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში როლისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის;
- კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას საზღვარგარეთ მისი სათანადო მკურნალობა; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ნათლად აჩენს მართლმსაჯულების სისტემაში ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;
- მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, გააუქმოს საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქი თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
„ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც სამწუხარო რეალობაა.
ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რეზოლუციას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ პოლიტიკურ დოკუმენტს „არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა“ არ გააჩნია.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.