„არ გაიხსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები“ - ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მირიამ ლექსმანი

დღეს, 25 აპრილს, კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროპარლამენტარებმა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენის შემდეგ შეიმუშავეს. რეზოლუციის პროექტისა და თანდართული შესწორებების მიხედვით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, ვიდრე „აგენტების კანონი“ ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება, ევროკომისიამ კი დაუყოვნებლივ უნდა შეაფასოს ამ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. რეზოლუციის ერთ-ერთი შესწორება იმეორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებასაც.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:

1. კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოღებას, რომელიც დამაზიანებელ შეზღუდვებს დააწესებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე და ამით ძირს გამოუთხრის მათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას;

2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;

4. მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეწყვიტოს საპარლამენტო განხილვა, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ გაიწვევდა უკან კანონპროექტს და აღარ წარადგენდა;

5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გაგრძელდეს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე;

6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;

7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;

8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ასრულებს, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელი მედიას განვითარება შეუძლია;

9. გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებულია უაღრესად საკამათო რუსეთის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს მათ დისკრედიტაციას, ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მოწინააღმდეგე ოპოზიციის ჩასახშობად და ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად.

10. იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში მითითებული ნაბიჯები; ხაზს უსვამს, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ. კანონპროექტი ფეხქვეშ თელავს ორივე მიზანს;

11. შეახსენებს საქართველოს მთავრობას მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც იკისრა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის დროს და მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარს და კომისიის პრეზიდენტს, იგივე გააკეთონ;

12. სთავაზობს კომისიას წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;

შესწორება 12ა. მოუწოდებს კომისიას დაუყოვნებლივ შეაფასოს საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;

13. მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც საქართველოში დონორის როლზე, ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შესაძლო გავლენისა და ზოგადად, ევროკავშირის დაფინანსებაზე შედეგების თაობაზე;

14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს იმ ნაბიჯების სრულად განხორციელებაში, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში წევრობისთვის პირობების შესასრულებლად.

შესწორება 14ა. გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ პერსონალურ როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაში, შეარყიოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსი რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში როლისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის;

შესწორება 14ბ. კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას საზღვარგარეთ მისი სათანადო მკურნალობა; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ნათლად აჩენს მართლმსაჯულების სისტემაში ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;

15. იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი. ხაზს უსვამს, რომ

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერით;

შესწორება 15ა. მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე;

16. მოუწოდებს უზრუველყოფილი იქნას ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.

17. ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

რეზოლუციის პროექტის ინიციატორები ევროპარლამენტის შემდეგი პოლიტიკური ჯგუფები არიან: ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი (Verts/ALE), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განაახლე ევროპა (Renew Europe).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).