პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, დარბაზიდან უკვე გააძევა გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი და თამარ კორძაია, გაფრთხილება მისცა სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპოზიციის წევრებს სხდომის გადადების საკითხის დაყენება სურდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ მათ პროცედურით გათვალისწინებული განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა და კანონის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს პირდაპირ კანონის მუხლობრივად განხილვის დაწყებისკენ მოუწოდა.

„დღეს თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რათა ყოველგვარი პროვოკაცია ან ინციდენტი თავიდან იქნას არიდებული, რადგან ამ კანონპროექტის განხილვა...“, - ამბობდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, როდესაც ანრი ოხანაშვილმა სიტყვა გააწყვეტინა და გააფრთხილა, მხოლოდ კანონის მუხლთან დაკავშირებით დაესვა შეკითხვა.

„კანონის მიზანი და მოქმედების სფეროა პირველი მუხლი. ბატონო მამუკა, რატომ ცრუობთ მუდმივად, თითქოს, ამ კანონის მოქმდების მიზანი და სფერო არის იგივე, რაც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში ან აშშ-ში, არადა ის ერთი ერთში ემთხვევა რუსეთში მოქმედ რეგულაციებს და დაგისაბუთებთ რატომ: ბრიტანეთის შემთხვევაში, კანონის მოქმედების მიზანი, სფერო და საფუძველი იყო ეროვნული უსაფრთხოების კვლევის დოკუმენტი, რომლითაც გამოიკვეთა, რომ არამეგობარი  სახელმწიფოების მხრიდან ხდებოდა ჩარევა შიდა საქმეებში. ასეთი სახელმწიფოებად მიჩნეულია რუსეთი, ჩინეთი, ზოგიერთ შემთხვევაში ირანი. შესაბამისად, მიზანი იყო ეროვნული უსაფრთხოება და არა ცრუ გამჭვირვალობა, რომელიც ამ კანონშია მოცემული. იგივე არის საფრანგეთის შემთხვევაშიც.

ერთადერთი შემთხვევა, სადაც ცრუ გამჭვირვალობა არის მიზანი, არის რუსეთის ფედერაცია. ანალოგიური კანონი მიიღო უნგრეთმაც და ევროპულმა სასამართლომ გააუქმა, რადგან კანონი, რომელიც ცრუ გამჭვირვალობას და რეალურად, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, მიჩნეული იქნა ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ.

თქვენ ხშირად ცრუობთ, რომ აშშ-ის შემთხვევაშიც იგივე შინაარსი აქვს კანონს. აშშ-ის შემთხვევაშიც ამოსავალი არის ეროვნული უსაფრთხოება და ეხება სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების დაცვას აშშ-ში. არცერთ ევროპულ და დასავლურ სახელმწიფოში არ ეხება არც სამოქალაქო სექტორის მოქმედებას, ზოგადად და არსად არ არის გამჭვირვალობა მიზანი ასეთი აქტის. არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და შეზღუდულია იმ ქვეყნების წრე, რომლებზეც ის ვრცელდება. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტით, რომელიც 2011 წელს არის მიღებული და არც განახლებულა, მტრულ სახელმწიფოდ, საფრთხის შემცველ სახელმწიფოდ მიჩნეულია რუსეთი, შეგვეძლო მიგვეჩნია ის ქვეყნებიც, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იქიდან წამოსულ ფინანსებზე ყოფილიყო რეგულაციები“, - ამბობდა გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვის დასრულების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ანრი ოხანაშვილმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა და კომიტეტის სხდომა დაატოვებინა. ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების გაძევებაა. „ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ უბრალოდ ივანიშვილის დავალება და რუსული ამოცანა შეასრულონ“, - თქვა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რუსული კანონის განხილვა შეწყვიტოს. 425 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს მათ დისკრედიტაციას, ასევე, გამოიყენება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის მოწინააღმდეგე ოპოზიციის ჩასახშობად და ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ვიდრე რუსული კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დაუყოვნებლივ შეაფასოს „უცხოური აგენტების“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).