პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მომავალი წლიდან ექნება საშუალება ურთიერთობები გადატვირთოს ყველასთან, მათ შორის, „გლობალური ომის პარტიასთან“. ამის წინაპირობად მან საქართველოსა და აშშ-ში არჩევნების, უკრაინაში კი ომის დასრულება დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტია“ დგას ნიუ-იორკში, პრეზიდენტ ბაიდენის ყოველწლიურ მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმების უკან.
„ყველაფერში ურევია „გლობალური ომის პარტიის“ ხელი. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი ფაქტები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართ, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის მზად ვართ აქედანვე. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს წლის ბოლომდე. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთანაც მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ, თუ როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის თვისებრივად შეცვლა, პრემიერ-მოინისტრმა განავრცო:
„მე მინდა წარმოიდგინოთ მომავალი წლის დასაწყისში როგორი იქნება მდგომარეობა: დასრულებული იქნება არჩევნები აქაც, იქაც, ეს ერთი. მეორე - სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მესამე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში და ეს არის ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არის ფაქტორები, დანარჩენს დაელოდეთ და იხილავთ, რაც მოხდება“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „გლობალური ომის პარტიის“ არსებობის შესახებ კონსპირაციულ გზავნილის ბოლო ორი წელია ავრცელებენ. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და მისთვის „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“. მისი თქმით, „საქართველოს მიმართ „გლობალური ომის პარტიის“ აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.
ბიძინა ივანიშვილი „გლობალურ ომის პარტიას“ შანტაჟში ადანაშაულებს და სწორედ მას უკავშირებს იმ ფინანსურ ზარალს, რაც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან განიცადა.
საქართველოში ამერიკის საელჩო ამ თემას 1-ელ იქტომბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა იცის, Credit Suisse-თან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის, თუმცა საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“, - ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში. საპასუხო წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაწერა, რომ საბანკო ანგარიშის ძარცვისა და ფინანსური შანტაჟის უკან დგას არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ „გლობალურ ომის პარტია“, რომელსაც მათ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს.