ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს: შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ გლობალური ომის პარტიაა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილის თქმით, მის მიმართ ფინანსური შანტაჟის უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, ივანიშვილის განცხადებით, მისმა ადვოკატებმა არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ მისთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ.

„იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.

სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“, - აღნიშნავს ივანიშვილი.

მმართველი პარტიის ლიდერი დასძენს, რომ „ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას“.

„ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.

[...] ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ.

ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს.

საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით განვითარების დაშვება ჩვენ ძალიან არ გვინდა და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამაში ამერიკული მხარის დახმარებაც დაგვჭირდება. ამისათვის კი მთავარია, ქართველებს არა „სხვა ამბავი“, არამედ ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დღეს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის, „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის, თუმცა საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“, - ვკითხულობთ საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტერზე, სადაც სინგაპური და ბერმუდა რუკაზეა მონიშნული.

 

ამ თემაზე:

„ქურდს ქუდი ეწვისო“ - წილოსანი ამერიკის საელჩოს განცხადებაზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).