პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
წილოსანის განცხადებით, გაკვირვებულია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები საელჩომ საკუთარ თავზე რატომ მიიღო.
„მართალი გითხრათ, არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მხარე ნახსენები. ამიტომ, ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად აშშ-ის საელჩომ რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა ამ თანხების გაყინვის ბრალდება. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება „ქურდს ქუდი ეწვისო“. საოცრად მიკვირს ეს განცხადება საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული და იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდან რაღაც გაუგებრობას და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ ნაბიჯს აქვს ადგილი“, - უთხრა წილოსანმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დასანქცირებული არ არის, თუმცა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები იმეორებენ, რომ ის დასავლეთის „დე ფაქტო სანქციების ქვეშაა“.
„ადამიანმა მოიგო სასამართლო ბერმუდაში, სინგაპურში, გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, ვინ ან რატომ აჩერებს ამ თანხებს? რატომ არ უბრუნებს ადამიანს? ბიძინა ივანიშვილი არის დე ფაქტო სანქცირებული, იმიტომ, რომ მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, აშანტაჯებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს“, - განაცხადა დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
დე ფაქტო სანქციების საბაბით ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს, რომელიც თბილისში მაისში იმყოფებოდა, არ შეხვდა სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც.
„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს“, - ამბობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის კლიენტი 2005-დან 2015 წლამდე იყო. ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში ის დავობს, რომ ასობით მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიადგა მისი საბანკო მრჩევლის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის შედეგად. 2024 წლის ივლისში სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და Credit Suisse Trust Limited-ს ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის 742.73 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე დავას, Credit Suisse Life Limited-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაევალა.
გამოცემა Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ქონება მზარდია და თუ 2023 წლის 30 სექტემბერს, მისი ღირებულება 6.05 მილიარდი დოლარი იყო, დღეს 7.55 მილიარდს შეადგენს.