პარლამენტის წევრი „ევროპელი სოციალისტებიდან“ ფრიდონ ინჯია აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის მოთხოვნები, რომლებიც 30 აპრილს, თბილისში, ხელისუფლების პროპაგანდისტის, გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) ორგანიზებით გამართულ აქციაზე დააყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ჩამოვწერე ის მოთხოვნები, რაც იქ გაჟღერდა და ჩავთვალე, რომ აქ კიდევ ერთხელ უნდა წამეკითხა, რათა პირველ რიგში მმართველმა პარტიამ გაიგოს“, - თქვა დეპუტატმა ინჯიამ 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე და მოთხოვნები ჩამოთვალა:
- კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღსრულდეს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე პრივილეგია არავის უნდა ჰქონდეს. პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, 60-ზე მეტი პოლიციელი დამწვარი და დაზარალებულია და მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული;
- პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან იქნეს აცილებული;
- საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი აღსრულდეს;
- ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე იზრუნოს, რათა უმუშევრობასა და სიღარიბეზე გაიმარჯვოს. მთავარი სლოგანი აქ უნდა იყოს „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და სახელმწიფომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა იმ პროექტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანია;
- ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა - კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს მათ შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ჩაურევლობა;
- დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტური განათლება;
- დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება;
- ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა.
ყველა ამ მოთხოვნას მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვუერთდები. ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან“, - განაცხადა ინჯიამ.
30 აპრილს გამართულ აქციაში, სადაც ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები გაკეთდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეებიც მონაწილეობდნენ. აქცია „ქართული ოცნებიდან“ ორი მოწვევის (2012-2016 და 2016-2020 წლები) პარლამენტის წევრს, ზაზა პაპუაშვილს მიჰყავდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული აქცია“. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც („უცნობის“) ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ.
მომღერალ გია გაჩეჩილაძეს ხელისუფლების პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხზე - „მაესტროზე“ გადაცემა „უცნობის კიდობანი“ მიჰყავს, სადაც ხშირას ისმის განცხადებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს, ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
საყურადღებოა, რომ პრორუსულ, ძალადობრივ პარტიას „ალტ-ინფო“ პარლამენტში 25 ათასი ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილი აქვს კანონპროექტი, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ითვალისწინებს ახალი მუხლის დამატებას. კანონპროექტის თანახმად, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო შეურაცმხყოფელ განხცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას.
პარლამენტის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა „ალტ-ინფოს კანონპროექტს“ დადებითი რეკომენდაცია მისცა განხილვის პროცედურის დასაწყებად.