ისრაელში, თელ-ავივში გახსნილ ერთადერთ საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩაშლის საფრთხის წინაშეა. ემიგრანტები შიშობენ, რომ რამათ განის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი უფლებამოსილების შესრულებაზე უარს იტყვის და ხვალ, 26 ოქტომბერს, უბანზე არ გამოცხადდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს არის საბოტაჟი! უბნის და ქვეყნის მომავლის საბოტაჟი!“ - წერდა ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი, რამათ-განის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 2236 ამომრჩევლიდან ერთ-ერთი. ის არჩევნების დღეს დამკვირვებლადაც იმუშავებს.
რამათ-განის საარჩევნო უბნის კომისია თავდაპირველად 12 წევრისგან შედგებოდა, საიდანაც 6 ცესკომ აირჩია, 3 ოპოზიციამ, ხოლო ერთი - მმართველმა პარტიამ. ცესკოს მიერ არჩეულ წევრებს შორის არიან თავმჯდომარე, რომლის მოვალეობა გიორგი მაჩაიძეს უნდა შეესრულებინა, თავმჯდომარის მოადგილე ზაზა სოხანეიშვილი და მდივანი ბელა სვანიძე. 22 ოქტომბერს, კომისიის თავმჯდომარემ „ოჯახური მდგომარეობის გამო“ თანამდებობა დატოვა, ხოლო 24 ოქტომბერს ემიგრანტებმა შეიტყვეს, რომ თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და კიდევ სამი წევრი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნინელი ქოქიაშვილი, ანუ სულ 6 ადამიანი, მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებდნენ.
ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე კომისიის 9 წევრი მაინც უნდა მივიდეს იმისთვის, რომ კომისია საქმიანობას შეუდგეს. 9 წევრზე ნაკლების მისვლის შემთხვევაში, სულ მცირე 7 წევრის შემადგენლობით, სპეციალური კომისია იქმნება და არჩევნებსაც ის ატარებს.
„კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდება“, - განმარტავენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სწორედ ამ რისკის წინაშეა ისრაელში გახსნილი ერთადერთი საარჩევნო უბანი.
ემიგრანტები ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნების დღეს მის მიერ არჩეული კომისიის წევრების ადგილზე გამოცხადება უზრუნველყოს.
„საქართველოს ამბებს“ ცესკოში განუცხადეს, რომ მთლიანად კომისიის წევრების კეთილსინდისიერებაზე არიან დამოკიდებული და მათი ადგილზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად მოწოდების გარდა, სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ.
„ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა კომისიის წევრებს ადგილზე გამოცხადდნენ და შეასრულონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები. თითოეულ მათგანს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია აკისრია. თუ არ გამოცხადდნენ და 7-ზე ნაკლები წევრი იქნება პროცესი ჩაიშლება, რადგან იმ კონკრეტულ პროცედურას ვერავინ შეასრულებს.
ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სასჯელები, რაც ითვალისწინებს გაფრთხილებას, ხელფასის გაუცემლობას და ა.შ. თუმცა, მანამდე ვიმსჯელებთ გამოუცხადებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზები. ჩვენ წარმოუდგენელი შრომა გავწიეთ, რომ ეს უბანი შეგვენარჩუნებინა, მიუხედავად ისრაელში არსებული რთული მდგომარეობისა“, - გვითხრეს ცესკოში.
ემიგრანტების მიერ ატეხილი განგაშის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნინელი ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ უბანზე მივა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ „ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციას“ საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს.
„რეჟიმი არ ნებდება და ყველანაირი გზით, მათ შორის, კომიკურად სასოწარკვეთილი მცდელობით ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის ნების გამოხატვას იქ, სადაც ზუსტად იცის, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებს“, - განაცხადა სამადაშვილმა
თვის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების მიზეზით, რამათ-განის უბნის გაუქმებას ითხოვდა, რასაც ემიგრანტების პროტესტი მოჰყვა. მაშინ უბნის გაუქმება ცესკომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.