საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზეზით, ისრაელში არსებული ერთადერთი საარჩევნო უბნის დახურვა მოითხოვა. საარჩევნო უბანი თელ-ავივში, რამათ განში მდებარეობს და მისი გახსნის რეკომენდაცია სამინისტრომ 26 სექტემბერს გასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის სახელმწიფო იმყოფება საომარ მდგომარეობაში. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე დღის წინ ისრაელის სახელმწიფომ ასევე დაიწყო ანტიტერორისტული სახმელეთო ოპერაცია ლიბანის სამხრეთით, ჰეზბოლას განთავსების ადგილებში. ამასთან, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაც იმყოფება მუდმივი დაბომბვების ქვეშ,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 8 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლოესი სხდომა 11 ოქტომბერსაა ჩანიშნული, სადაც, დიდი ალბათობით, ამ საკითხსაც განიხილავენ.
ემიგრანტები ვარაუდობენ, რომ საარჩევნო უბნის დახურვის რეალური მოტივი ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების ოპოზიციური განწყობებია. როგორც ისინი აღნიშნავენ, „ქართულ ოცნებას“ იქ ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს.
„რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, აბსურდი. რომ ვიბომბებით მაშინაც კი ვმუშაობთ და არაფერი არ ჩერდება. ისრაელში ყველაფერი მუშაობს. როცა ირანი ბალისტიკურ რაკეტებს გვესროდა, მაშინაც კი ყველაფერი მუშაობდა, სკოლები, ბაღები, საერთოდ ყველაფერი.
ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, იმიტომ რომ იციან ისრაელში ხმის მიცემას უმეტესად ოპოზიციისთვის აპირებენ.
ეს არის სიგიჟე, რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის აბსურდი, აქ ომი ყოველთვის არის. ჩემს გარშემო ყველა აპირებს არჩევნებზე მისვლას, 95% მივა და ყველა ოპოზიციას უჭერს მხარს, ერთი ნაცნობიც არ მყავს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ერთმანეთს ეხმიანებიან და უკვე აორგანიზებენ ტრანსპორტს“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ისრაელში მცხოვრებმა ემიგრანტმა, ლალიკო ნაცვლიშვილმა.
7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკოსა და საკონსულოებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ არ შეუშალონ ხელი საარჩევნო პროცესებს და უზრუნველყონ დარეგისტრირებული ამომრჩევლების ხმის მიცემის უფლება.
26 სექტემბერს ცესკომ მიიღო დადგენილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისთვის, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს ქმნის. ოპოზიცია და ემიგრანტები დამატებითი უბნების გახსნას ითხოვდნენ, თუმცა არც ცესკომ და არც სასამართლომ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.