ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მერვე სამიტი და სომხეთ-ევროკავშირის პირველი ორმხრივი სამიტი დაიწყო. ღონისძიებაზე, რომელიც სომხეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია, 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი შეიკრიბა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
სამიტში მონაწილეობენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი. ერევანში, ასევე, იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
კვირას სომხეთს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვია. მან უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან. უკრაინის ლიდერი სამიტის პლატფორმას პარტნიორებთან სამხედრო დახმარების გაფართოებისა და ომის დასრულების პერსპექტივების განსახილველად გამოიყენებს.
სამიტში მონაწილეობს საქართველოც, რომლის ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან „ქართული ოცნების“ მთავრობამ გააჩერა.
სამიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს შორის. ეს მხარეებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი. უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,"- აღნიშნა კობახიძემ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას თქმით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება და ევროინტეგრაციის საკითხები. შეხვედრა იმ ფონზე შედგა, როდესაც თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები 2022 წლის შემდეგ უკიდურესად დაძაბულია. „ქართული ოცნების“ ლიდერები წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს. თავის მხრივ, უკრაინას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და 18 მაღალჩინოსანი ჰყავს დასანქციებული.

ნიკოლ ფაშინიანმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებას. მან ახსენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გასული წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაცია.
„ახლა ჩვენ მივიწევთ მნიშვნელოვანი პროექტის - 'Trump Route for International Peace and Prosperity' (TRIPP) განხორციელებისკენ... ახლა ჩვენ გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამიტს ვიდეოზარით ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბაქომ სომხეთს ყველა სატრანზიტო შეზღუდვა მოუხსნა. თუმცა, მანვე მკაცრად გააკრიტიკა ევროპარლამენტი და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მილი მეჯლისი მაისიდან წყვეტს თანამშრომლობას ამ ორგანოსთან „პროვოკაციული რეზოლუციების“ გამო.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ალიევის კრიტიკას სპეციალური გამოსვლით უპასუხა: „ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო... ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენს სამუშაო წესს და ჩვენს პოზიციას“.
ევროპარლამენტის 30 აპრილის რეზოლუცია მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. რეზოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ დევნილ მოსახლეობას მიეცეს საკუთარ სახლებში უსაფრთხო, შეუფერხებელი და ღირსეული დაბრუნების საშუალება, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული სათანადო საერთაშორისო გარანტიებით. ამასთანავე, ევროპარლამენტი პრინციპულ პოზიციას იკავებს კულტურული ვანდალიზმის წინააღმდეგ. დოკუმენტში პირდაპირ არის გაჟღერებული მოწოდება, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სომხური რელიგიური თუ კულტურული ძეგლების განადგურებაში. ამით ევროპული სტრუქტურები ხაზს უსვამენ, რომ რეგიონში სამართლიანობის აღდგენა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა მშვიდობის აუცილებელი პირობაა.
ერევანში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) ისტორიულ სამიტზე თურქეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე იყო წარმოდგენილი. ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, რაც რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებისა და მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.
სამიტზე სომხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.
5 მაისს დაგეგმილია სომხეთი-ევროკავშირის სამიტი, სადაც განიხილება ენერგეტიკული და ეკონომიკური მხარდაჭერა.
ევროკავშირი სომხეთში აგზავნის 20-30 ექსპერტს რუსული კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ რჩება რუსეთის მიერ კონტროლირებადი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად, ხოლო სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს. ეს ნაბიჯები კრემლის ღია გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ერევანი დასავლურ ვექტორს სულ უფრო აქტიურად ავითარებს.
