საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების „არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხაროდ, ანგარიში ეყრდნობა არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური NGO-ების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მინდა, აღვნიშნო, რომ თქვენს მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, ასე ვთქვათ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილი დასკვნები და ანგარიში. ეს ჩვენთვის არ არის, ასე ვთქვათ, საინტერესო“, - თქვა ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კომენტირებისას.
პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ საქართველოში ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც „არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას“.
„ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს აქვს სრული თავისუფლება არასამთავრობო სექტორს, მედიასაშუალებებს, ყველგან... აი, მაგალითად, თქვენ წარმოადგენთ „ტვ პირველს“, რომელიც არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტესწილად არ ეყრდნობით ფაქტებს, არ ამოწმებთ და ჩვენს საზოგადოებას ესაუბრებით ტყუილებით, ტყუილებს ავრცელებთ, მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ჩვენ ამის წინააღმდეგნი არ ვართ. ჩვენ ამას ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერცერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ყურადღებით გაეცნობიან და სადაც ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა იქნება, მხედველობაში მიიღებენ.
„შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რაც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს - ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. რეალურად, არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ განცხადებებს შორის. ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება. თუ იქ იქნება ობიექტური კრიტიკა, რა თქმა უნდა, მხედველობაში მვიღებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ აისახოს ეს ყველაფერი ჩვენს ქმედებებზე“, - თქვა კობახიძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ 2022 წელს საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ არ გამოიძია 2021 წლის ივლისში, „ღირსების მარშის“ წინ მომხდარი ძალადობა და ორგანიზატორები არ მისცა პასუხისგებაში, გასულ წელსაც გაგრძელდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ შეუსაბამო საპოლიციო ძალის გამოყენების და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ აფგან მუხთარლის საქმემ 2022 წელს კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა განაცხადა, რომ მუხთარლი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით იქნა გატაცებული.
ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც - „სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა შერყეულია, რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები, მოსამართლეები მოწყვლადები არიან სასამართლოს სისტემის შიგნიდან და გარედან პოლიტიკური წნეხის მიმართ ისეთ საქმეებში, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხება. 2022 წელს ვრცელდებოდა დამაჯერებელი განცხადებები, რომ სასამართლოს გავლენიანი „კლანის“ ზოგიერთი წევრი კორუმპირებულია“.
ანგარიშის იმ ქვეთავში, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს ეხება, ნახსენები არიან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო ჯგუფები (მათ შორის, Amnesty International და Committee to Protect Journalists) გვარამიას წინააღმდეგ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, აკრიტიკებდნენ როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას განაჩენმა წარმოაჩინა „ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რაც მიზნად ისახავს მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას“.