„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“ შეაფასა 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კობახიძეს ჰკითხეს, რას აპირებს ხელისუფლება მაშინ, როდესაც არსებობს საზოგადოების ნაწილში აღქმები, რომ ის რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას ატარებს.
„ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო. რასაც ხედავთ, მათ შორის დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის, უბრალოდ, ქაჯობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.
„ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იმავე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს, მათ შორის, იყო ხოლმე იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ფორმალურად თუ როგორც არის, ხორციელდებოდა.
სწორედ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველაფერთან ერთად - ავტოკრატიასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან, ადამიანების წამებასთან ერთად. დღეს იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ საქართველოში და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
27 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან, კერძოდ, სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande შემოვიდა. გემზე 850 მგზავრი იმყოფებოდა. გემიდან ჩამოსულმა რამდენიმე მგზავრმა ჟურნალისტებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია ერთ-ერთი მათგანის კომენტარმა, რომ რუსეთი აფხაზებს ქართველებისგან გათავისუფლებაში დაეხმარა.
„ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული. რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით. აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ხომ ტანკებით შეხვედით იქ და ჩვენ ვნახეთ ის ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში, ვნახე სახლები ფანჯრების გარეშე, რადგან ყველა თქვენს მიერ იყო დანგრეული. რუსეთი აფხაზეთს თქვენგან გათავისუფლებაში დაეხმარა“, - თქვა საკრუიზო გემის ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, როდის იმყოფებოდა აფხაზეთში და არ არის გამორიცხული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ჰქონოდეს დარღვეული.
Astoria Grande-ს ერთკვირიან საკრუიზო მარშრუტში ბათუმი წელს პირველად ჩართეს. მორიგი ასეთი ტურის განხორციელება 29 ივლისიდან 5 აგვისტოს პერიოდში იგეგმება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ Astoria Grande-ს თურქული საკრუიზო კომპანია ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მას პორტში შემოსვლის უფლება აქვს.