ეს კანონი მიზნებით, შედეგებით და რეგულირების სფეროთი არის რუსული - საიას თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რუსეთმა ასეთი კანონი მიიღო 2012 წელს. მისი შინაარსი ახლანდელი კანონისგან განსხვავდება - თანდათან დამძიმდა ათი წლის განმავლობაში. რუსეთის ინტერესი, როდესაც ამ კანონს იღებდა, იყო გეოპოლიტიკური რომ ამით ევროპას, დასავლეთს დაპირისპირებოდა; დაპირისპირებოდა ყველაფერს, რაც გვახსენდება, როდესაც დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ. ჩვენ რატომ ვამსგავსებთ ჩვენს კანონმდებლობას რუსულს? მისი მიზნებით, მისი შედეგებით, მისი რეგულირების სფეროთი არის იგივე. შედეგები, მიზნები და ყველაფერი, რაც ამ კანონშია, არის რუსული“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის დროს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საიას თავმჯდომარემ წარმოდგენილ კანონპროექტში მთავარ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.

„გამჭვირვალობა“

ნონა ქურდოვანიძის თქმით, დღეს საქართველოში არსებობს მინიმუმ 15 კანონი და კანონქვემდებარე აქტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს პირდაპირ ან ირიბად არეგულირებს.

„თუ ამ კანონის მიზანი, როგორც თქვენ ამბობთ, გამჭვირვალობაა, შეგეძლოთ რომელიმე ამ კანონში გაგეთვალისწინებინათ რაიმე დამატებითი ვალდებულება და ამაზე არავის პრობლემა არ ექნებოდა. ამ კანონის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შერაცხვა უცხო ქვეყნის გავლენების გამტარებელ ორგანიზაციებად და სწორედ აი, ამ სახელდებასთან, იმ რეესტრთან მიმართებით გვაქვს პრობლემა, რომელიც ამ კანონის საფუძველზე იქმნება. თქვენ უკვე გაქვთ მონაცემები, არსებობს რეესტრი, სადაც ყველა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია რეგისტრირებული და ყველაფერი, მათ შორის, ჩვენი წესდება და მიზნები არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამ რეესტრის შესახებ იცის ყველამ. ეს არის ძალიან იოლად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ესა თუ ის ორგანიზაცია, მაგრამ თქვენ ამის პარალელურად ამავე უწყებაში [საჯარო რეესტრი] გადაწყვიტეთ, რომ შექმნათ ახალი, დამატებითი რეესტრი, სადაც ორგანიზაციებს ხელახლა გადაარეგისტრირებთ და დაარქმევთ უცხო ქვეყნის გავლენების გამტარებლებს. რატომ აკეთებთ ამას? რა არის თქვენი მიზანი. თუ მიზანია გამჭვირვალობა, მაშინ რატომ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ამ შემთხვევაში - საჯარო რეესტრი ის უწყება, სადაც უნდა წარვადგინოთ საფინანსო დეკლარაციები და ეს წერია თქვენს კანონპროექტში. საფინანსო დეკლარაციების ადგილია საფინანსო ინსტიტუტებში.

როგორც ჩანს, ამის მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ცალკე რეესტრი შეიქმნას, სადაც ორგანიზაციებს კონკრეტული სახელი გვერქმევა და ეს არის „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ეს არის სტიგმა, ეს არის მიუღებელი, ეს არის ღირსების შემლახველი“.

რუსული კანონი „არ ეხება ფიზიკურ პირებს“

საიას თავმჯდომარემ ტყუილი უწოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებას, რომ რუსული კანონი „არცერთ ფიზიკურ პირსა და ინდივიდს არ ეხება“.

„თქვენ როცა ამბობთ, რომ ეს ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არ ეხებათ ფიზიკურ პირებს, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, რომლის უკანაც არ დგანან ფიზიკური პირები.

ჩვენი ორგანიზაციის მაგალითზე გეტყვით - ჩვენს ორგანიზაციაში დაახლოებით 70 ადამიანი მუშაობს, გვყავს დაახლოებით 450 წევრი. თქვენ ყველა ამ ადამიანს, ამ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ 30 წელი ვაკეთებთ, ჩათვლით და დაარქმევთ სახელს, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, რაც ყოვლად მიუღებელია და რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოვიდეთ და ამ სახელის ქვეშ რეგისტრაცია გავიაროთ.

ჩვენ რომ მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსებით ვმუშაობთ, ეს ყველასთვის ცნობილია, ამას ყველგან ვაღიარებთ და ვამაყობთ, რომ ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან იმაში, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის გაკეთებული სიკეთე.

საქართველოში არსებობს დაახლოებით 35 ათასი რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. აქედან აქტიურად მოქმედი ბევრად ნაკლებია, მაგრამ თქვენ იცით, რომ არ მოიძებნება ისეთი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელსაც ეს კანონი ეხება, რომელიც არ მოექცევა ამ კანინის რეგულირებაში, რადგან საქართველოში არ არის განვითარებული სხვა გზებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა და ძირითადი წყარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ გაცემული დაფინანსება. თქვენ ამ დაფინანსებას ეძახით უცხო ქვეყნის ინტერესებს და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლებად გვარეგისტრირებთ ჩვენ. ეს არის მთავარი პრობლემა“.

„კანონი არ შეზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას“

„ამ კანონპროექტის პირველივე მუხლის მეორე ნაწილში წერია ასეთი რამ, რომ ეს რეგულაციები არ გამოიწვევს ორგანიზაციების შეზღუდვას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. შედეგობრივად ეს გამოიწვევს იმას, რაც, მაგალითად, რუსეთში მოხდა, როდესაც ბევრი ორგანიზაცია საერთოდ დაიხურა და ეს საქართველოშიც ასე მოხდება.

ჩვენ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად. ეს რას ნიშნავს - კანონის შესაბამისად, თქვენ ძალით დაგვარეგისტრირებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გადაწყვეტილი გვაქვს, შევწყვიტოთ საქმიანობა როგორც კი კანონი ამოქმედდება და ამის შემდეგ თქვენ ყოველთვიურად დაგვაჯარიმებთ 25 000 ლარით, რასაც ყოველ თვე დაემატება სხვადასხვა ოდენობის სანქცია. წლიურად ეს გამოიწვევს 250 000 ლარამდე ჯარიმას და 6 წლის განმავლობაში, რასაც თქვენ ამ კანონში ადგენთ, გამოიწვევს მილიონ-ნახევარ ჯარიმას. ვერცერთი ორგანიზაცია, ბუნებრივია, ამას ვერ გადაიხდის და შევწყვეტთ საქმიანობას.

ამ კანონს როგორ დავემორჩილებით?! საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 30 წელია არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. არ დავემორჩილებით კანონს, რომელიც დაგვარქმევს უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარ ორგანიზაციას. არავითარ შემთხვევაში. ეს გამოიწვვს ორგანიზაციების ფაქტობრივ დახურვას. ეს არის შედეგი. ამით დაზარალდებიან ფიზიკური პირები. 

განმარტებით ბარათში გიწერიათ, რომ ეს არ შეეხება ქალებს, ბავშვებს, რაც ასევე ტყულია, რადგან ქალები ვერ მიიღებენ იმ სერვისებს, რომლებსაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვაწვდით, ბავშვები ვერ მიიღებენ და 20 ათასი ადამიანი ვერ მიიღებს იმ სერვისს, რასაც დღეს იღებს. რას ჰქვია, „რა პრობლემაა“? თქვენ დაირქვით ეს სახელი, თუ კარგია. თქვენ დაიწერეთ, რომ ხართ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები. კანონი შედეგის მიხედვით უნდა დაინახოთ. შედეგი არ უნდა განსაზღვროთ? ეს იქნება შედეგი, რომელიც დადგება“.

„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).