ეს კანონი სჭირდება და უნდა ქართველ ხალხს - პაპუაშვილი რუსულ კანონზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დღეს ცდილობენ, რომ ხელი გადაუგრიხონ საქართველოს პარლამენტს, ანუ ქართველ ხალხს. ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ იცოდეს მეტი მათ შესახებ, ვინც არის ჩართული პოლიტიკის ფორმირებაში, იცოდეს რა წყაროებიდან ფინანსდებიან, რა შესაძლო ინტერესებია მათ უკან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არა რომელიმე დიპლომატი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უცხოელი პოლიტიკოსი.

„ეს კანონი უნდა ქართველ ხალხს. ამიტომ, სინამდვილეში, დღეს ქართველ ხალხს უგრეხენ ხელს იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არ იცოდეს, ვინ ზემოქმედებს მასზე და ამ ცოდნის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გრძელდება. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, გამოსვლები 1-2 საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც კანონპროექტი კენჭისყრაზე გავა.

15 და 16 აპრილს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ, სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც. გუშინდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძეც არის. ის ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მასზე იძალადეს.

აპრილის დასაწყისში, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, ის სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევა შეუძლია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).