„იმედი გვაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბერკეტებიდან რამდენიმე გამოვიყენოთ. არც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უმაღლეს დონზე არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება საქართველოს მიერ აღებული კურსის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„ჩვენ მართლაც გვაშფოთებს, რომ ნაცვლად რეფორმების გატარებისა, რომლებიც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ბოლო თვეებში ვხედავთ მოვლენებს, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ჩვენ ეს განვიხილეთ ევროკავშირის შიგნით და რამდენიმე ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ევროკავშირი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებს დაეყრდნობა.
„საქართველოს ხელისუფლებამ გაუგზავნა მოწვევა საერთაშორისო დამკვირვებლებს. ჩვენ ახლო კავშირი გვაქვს ეუთო/ოდირის გუნდთან. მე ვიცი, რომ მათ დიდი გეგმები აქვთ და ბევრი დამკვირვებლის გამოგზავნას აპირებენ არჩევნებამდე, მის დროს და მის შემდეგ.
ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ორგანიზაციებს, როგორიცაა „ისფედი“ [„სამართლიანი არჩევნები“], რომლებიც ასევე დააკვირდებიან არჩევნებს. ისინი გააკეთებენ შეფასებებს და მათ შეფასებებზე დაყრდნობით გადავწყვეტთ, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს არ მოგვიწევს, მაგრამ თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბერკეტებს, რომლებიც არაერთხელ გამოგვიყენებია სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის ბელარუსის მიმართაც. ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, რადგან იქ არჩევნები იქნა მოპარული და სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ზომების ფართო სპექტრი, მათ შორის სანქციები. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი და იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მოგვიწევს მისვლა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩის თქმით, თუ არჩევნები იქნება სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდი, ევროკავშირი იმუშავებს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც შემდეგ ჩამოყალიბდება.
„მაგრამ, აქ მთავარი საკითხია, რომ თუ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები საგანგებოდ საქართველოსთვის არ მოგვიგონია, ისინი ნებისმიერ ქვეყანაზე ვრცელდება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. ამიტომ გვჭირდება სერიოზული რეფორმები და ასევე გვჭირდება, რომ მთავარი პრინციპები, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, დაცული იყოს. ეს პრინციპები საყოველთაოდ არის ცნობილი:
დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის, მათ შორის უმცირესობების უფლებები და ეს პრინციპები გადახედვას არ ექვემდებარება. ამიტომ, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, მან პატივი უნდა სცეს ამ პრინციპებს“, - აღნიშნა დიპლომატმა [„მთავარი არხის“ თარგმანი].
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ევროკავშირი ერთ-ერთ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავს Politico-მ გუშინ გაავრცელა. ევროკომისიის პრესსპიკერმა გამოცემასთან განმარტა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა შეესრულებინა კონკრეტული კრიტერიუმები, მათ შორის უზრუნველეყო ფუნდამენტური უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის შეჩერება.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ისეთი საკითხია, რაზეც ევროკავშირის ქვეყნები არ თანხმდებიან, თუმცა სპეკულაციები კვლავ გრძელდება.
„ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი რაღაც ძალები იყენებენ იმისთვის, რომ გარკვეული გავლენები მოახდინონ არჩევნების შედეგებზე; იყენებენ იმისთვის, რომ ერთგვარად შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და მოახდინონ გავლენა მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. სხვა ახსნა ამ თემებით სპეკულირებას უბრალოდ არ აქვს. შეუძლებელია წინასწარ საუბრობდე არჩევნების ჩატარებაზე, დარღვევებზე მაშინ, როდესაც არჩევნები წინაა“, - თქვა ბოჭორიშვილმა.