ევროკომისარ ვარჰეის თქმით, კობახიძემ მათი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან ამოგლიჯა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მათი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან სრულად ამოგლეჯილად გაავრცელა. საუბარია ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, რომელის მიხედვითაც, ერთ-ერთ ევროკომისარი დაემუქრა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედს გაიზიარებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი, რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემს პორტფელში შემავალი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური მოსაზრებების გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში დიდი ძალისხმევა ჩავდე, რათა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის გზას.

რადგანაც კარგად ვარ გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროპული განწყობების შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას, საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმეპყრო ამ კანონის მიღებით ისედაც მყიფე ვითარების არგამწვავების მნიშვნელობაზე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ ისე იყო წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, რომ ამას შეეძლო, გამოეწვია ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველად განსაზღვრული მიზნის სრულიად არასწორად ინტერპრეტაცია.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონი. ამას ვითხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და ამ დრომდე პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც განაგრძობენ ევროპული მომავლისთვის მუშაობას“, - განმარტავს ევროკომისარი ვარჰეი, რომელიც უნგრეთის წარმომადგენელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით, „მთელი რიგი“ მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა“. კობახიძემ არ დაასახელა, რომელი ევროკომისარი „დაემუქრა“.

„ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო.“ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ ფიცოზე თავდასხმის უკან „წინასწარი ინფორმაციით“ იკვეთება „ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ამხელენ. რამდენიმე დღის წინ, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინა, რუსეთს სანქციები არ დაუწესა და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.