ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ეხება „გამჭვირვალობის“ კანონს. ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ, კანონის საფუძველი რა არის. მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის და მათივე გადასახადის გადამხდელების თანხები, ნაწილობრივ, საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ; ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. სხვათა შორის, ჩვენ ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლისგან გვაქვს ამაზე თანხმობა და ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის გამჭვირვალობის პრობლემა, ამიტომ ესეც მოვახსენეთ ჩვენს კოლეგებს. მათ შორის, ვუთხარით, რომ მათ ხელშია პირველყოვლისა, ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან, ვინაიდან მათი მოქალაქეების ფული ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ.
დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი.
ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით? ჩვენი მოწოდებაა და ეს განწყობა იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავარია ურთიერთობა დამყარებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე და გაიგონ ის წუხილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას დღეს შეხვდა.
„ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს არ ვეთანხმებით. არ ვიცი მან რა თქვა. ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ „ქართული ოცნება“ მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით. ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს ახლო მეგობარი, უპირველესად ეს ბალტიისპირეთია“, - განმარტა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ, ვფიქრობ, აუცილებელია, განვმარტო,
ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც ევროპული რჩევები და ღირებულებები უგულებელყო. ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“
დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე.
„ნება მომეცით განვმარტო, რომ ჩვენ არცერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგნუს ცაჰკნა.
დღესვე მედიასთან შალვა პაპუაშვილმა ქარაფშუტა პოლიტიკოსი უწოდა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაიკლ როთს.
„გერმანიის 30 წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. ...ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოება დაპირისპირებისა და არეულობისთვის. ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან“, - თქვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.