ევროპულმა სასამართლომ მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მიხეილ მშვილდაძე თავდასხმის შემდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმე ეხება 2023 წლის 27 ივნისს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას და სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებულ არაადამიანურ მოპყრობას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თავდასხმის შედეგად მშვილდაძემ არაერთი დაზიანება მიიღო. იმავე დღეს თავდამსხმელმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღიარა, რომ „ფორმულას“ დამფუძნებელს თავს დაესხა ეკლესიის მიმართ მისი კრიტიკული შეხედულებებისა და ლგბტ პირთა მხარდაჭერის გამო. გუგეშაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მიხეილ მშვილდაძე ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაჩივრებს. მისი პოზიციით საგამოძიებო ორგანოებმა არ ამოიღეს ყველა ვიდეომასალა და არ დაუკითხავთ მოწმეები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლები; საქმეს არასწორი კვალიფიკაცია მიეცა და რეალური მოტივი იგნორირებული იქნა; დაზარალებულს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; „ფორმულას“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თავდასხმის დაგეგმვაში სუს-ის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები, რაც ჯეროვნად არ გამოძიებულა.

ევროპულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პასუხის გასაცემად კონკრეტული კითხვები დაუსვა:

  • დაექვემდებარა თუ არა მომჩივანი არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და მონაწილეობდნენ თუ არა თავდასხმაში სახელმწიფო მოხელეები?
  • მიიღო თუ არა სახელმწიფომ ყველა გონივრული და აუცილებელი ზომა მტკიცებულებების მოსაპოვებლად (მათ შორის, სუს-ის მონაწილეობის ვერსიის გადასამოწმებლად) და დისკრიმინაციული მოტივის გამოსავლენად?
  • იყო თუ არა თავდასხმა კავშირში ჟურნალისტურ საქმიანობასთან და დაირღვა თუ არა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები?
  • განიცადა თუ არა მომჩივანმა დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების საფუძველზე, კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვალდებულია, სტრასბურგის სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინოს და ზემოხსენებულ კითხვებს უპასუხოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.