გამომძიებელი ჟურნალისტის ნინო ზურიაშვილის ავტომობილი დააზიანეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10 მაისს, უცნობმა პირებმა სტუდია „მონიტორის“ რედაქტორის, ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი პლაკატები გააკრეს. გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც სტუდია „მონიტორის“ ოფისია განთავსებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნინო ზურიაშვილი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან ამხელს მაღალი თანამდებობის პირებს მასშტაბურ კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში. ის ათობით გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.

სტუდია „მონიტორი“ აქტიურად ეწინააღმდეგება რუსული კანონის მიღებას, რომლის მიზანიც საქართველოში თავისუფალი მედიის გაქრობაა.

„ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები რომ არ რეაგირებენ მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე. ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების უკან სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში. მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას“, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

ბოლო დღეებში თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებს.

უცნობი პირები მასობრივად ურეკავენ ჟურნალისტებსა და მათი ოჯახის წევრებს, აგინებენ და ემუქრებიან მათ რუსული კანონის გაპროტესტების გამო. 9 მაისიდან, იმ შენობებზე, სადაც მედიასაშუალებების ოფისებია განთავსებული ან სადაც ჟურნალისტები ცხოვრობენ, შეურაცხმყოფელ პლაკატებს აკრავენ, გამომძიებელი ჟურნალისტები აგენტებად „რუსული კანონის“ დამტკიცებამდე გამოაცხადეს.

9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას უცნობი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ „ტვ პირველის“ შენობასთან. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეიჭრებოდნენ. არაერთი გამოძახების მიუხედავად, პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ გამოცხადდა.

„თავდასხმების ორგანიზებული და სისტემური ხასიათი, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ასევე ის, რომ თავდამსხმელებს აქვთ წვდომა მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას“, - აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უპირობოდ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და მოძალადე ჯგუფების მფარველობა.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.