10 მაისს, ღამით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიის შესასვლელთან და ეზოშიც საეჭვო ავტომობილები დააფიქსირეს, რომლებშიც ნიღბიანი პირები ისხდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, ჩასაფრებული ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოდ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 4 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 5 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 6 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
მყისიერ საფრთხეზე რეაგირებისათვის მელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, 112-ზე ხუთჯერ დარეკა, დაუკავშირდა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქეთი კოვზიაშვილსაც, თუმცა პოლიცია გამოძახების ადგილზე არ მივიდა.
„ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ პოლიცია არ მოვიდა. ტვ პირველის შენობასთან ნიღბიანი ადამიანების თარეშზე შინაგან საქმეთა მინისტრმა რეაგირება არ მოახდინა. შეტყობინებაში დავაფიქსირეთ, რომ არსებობდა თავდასხმის საფრთხე, პოლიციამ არ შეიმჩნია. 112-ზე ჩვენ რამდენჯერმე გადავამოწმეთ, მათ შორის, პირდაპირ ეთერში ზარით, სად იმყოფებოდა ჩვენს მიერ გამოძახებული ეკიპაჟი.
გვპასუხობდნენ, რომ შეტყობინება გადასცეს სამართალდამცავ უწყებას, მაგრამ პოლიცია არ მოვიდა. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანების დევნის, ცემის და ჩასაფრებების უკან ხელისუფლება დგას.
ეს არის ტერორიზმი, რეკეტი და დაშინება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომ ხვალ არ გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება. ბოდიში! მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოთ, ტელევიზია იქნება პირდაპირ ეთერში. ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ამ წუთიდან პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ“, - აღნიშნა ნოდარ მელაძემ.
ტელეკომპანიიდან რეაგირებისათვის დაუკავშირდნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომლის ვალდებულებაც არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიება. სამსახურის გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ და თანამშრომლები გამოკითხეს.
8-9 მაისს ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, მუსიკოს გიო შენგელიას. მანამდე, 3, 5 და 7 მაისს თავს დაესხნენ თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს; ლანჩხუთში პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს; თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ყველა, ვისაც თავს დაესხნენ, რუსული კანონის მოწინააღმდეგეა.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.