თბილისში, შვედეთის საელჩოსთან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, საელჩოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, იოჰან ფორსელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გიორგი კლდიაშვილი ინტერვიუს აძლევდა, როდესაც უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მას, ისე „ფორმულას“ ჟურნალისტებს.
„ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, - დაწერა კლდიაშვილმა სოციალურ ქსელში.
იოჰან ფორსელმა დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკა დაიმსახურა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთების გამო. თბილისში ვიზიტით მყოფმა შვედმა მინისტრმა განაცხადა, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს.
„ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ. გვსურს, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი. იმავდროულად გვაშფოთებს ახალი კანონმდებლობა. ვშიშობთ, ის არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს და არ შეესაბამება სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებს“, - განაცხადა ფორსელმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მან არ იცის, „რა აქვს დასამალი“ შვედეთის მინისტრს, როდესაც საქმე საქართველოსადმი შვედეთის დახმარებას ეხება.
„ვერ გეტყვით რა არის აქ დასამალი და რატომ წუხს შვედეთის მინისტრი ამ საკითხებზე, თუმცა მარტივად და რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია ერთი ქვეყნის სუვერენული ქვეყნის მინისტრი კარნახობდეს მეორე სუვერენული ქვეყნის პარლამენტს, რა კანონი სჭირდება ამ ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და ამ ქვეყნის საზოგადოებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც რუსული კანონის მხარდამჭერი 83 დეპუტატიდან ერთ-ერთია.
5 მაისს, ლანჩხუთში, სადარბაზოსთან თავს დაესხნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილს, ხოლო 3 მაისს, ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდებს. პოლიციას დღემდე არავინ დაუკავებია.