„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩიქოვანს სახის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. თავდასხმას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 23 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე „დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კართან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების“ მშიშარა „ტიტუშკები“ ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს. მინდა, ჩემს მეგობრებს ვუთხრა, იმ ხალხს, რომელიც უკვე სამი კვირაა რუსულ კანონს აპროტესტებს ქუჩაში, ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული“,- თქვა ჩიქოვანმა „ფორმულას“ ეთერში. 

დიმიტრი ჩიქოვანი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. 

  • 3 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს. თავდამსხმელების ნაწილი მედიის მიერ იდენტიფიცირებულია. ისინი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ შორისაა რამდენიმე მწვრთნელი, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
  • 5 მაისს, ლანჩხუთში, სადარბაზოდან გამოსვლისას თავს დაესხნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს.
  • 7 მაისს, თბილისში, შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. კლდიაშვილი „ფორმულას“ ინტერვიუს აძლევდა.

ბრალი წაუყენეს მხოლოდ ლადო აფხაზავაზე და მის შვილობილზე თავდამსხმელ ერთ პირს, ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მძღოლს კობა ფიფიაშვილს. პროკურატურამ მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. ოზურგეთის სასამართლომ ბრალდებულს გირაო შეუფარდა 4 ათასი ლარის ოდენობით. თავდასხმის სხვა ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოიძია იმის მიუხედავად, რომ მედიამ თავდამსხმელების იდენტიფიცირება მოახდინა.

8 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, შექმნიან მონაცემთა ბაზას, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

 
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.