ძალადობისა და სიძულვილის კამპანია ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია, უკვე დაიწყო რეპრესიები გამომძიებელი ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ღამით მათ საცხოვრებელ სახლებთან და ოფისებთან შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი პლაკატები გააკრეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ კამპანიის სამიზნე გახდა ონლაინ გამოცემა მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი, რომელმაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია გააჩუმოს და დააშინოს ადამიანები, რომლებიც საქართველოს რუსეთიზაციას უპირისპირდებიან.

„აგენტების შტაბი“ - ეს წარწერა დახვდათ საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ თანამშრომლებს მეზობლად მდებარე ბინის კარზე. გაკრული იყო ასევე პლაკატი „მონიტორის“ რედაქტორის ნინო ზურიაშვილის გამოსახულებით.

„მას შემდეგ, რაც გუშინ, მე და ჩემი ოჯახის წევრებმა მივიღეთ შეურაცხმყოფელი ზარები, დღეს დილით შევიტყვე, რომ უცნობმა პირებმა ჩვენი ოფისის კედლებზე გააკრეს პოსტერები წარწერით, რომ ჩვენ ვართ „გრანტიჭამიები“, ვინც უცხოურ ფულს ტყუილების გასავრცელებლად ვიყენებთ. მაინც #არარუსულკანონს, რომელიც უკვე ამოქმედებულია“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ კინწურაშვილმა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს კედლებზე გაკრული ათობით პლაკატი მისი გამოსახულებით.

8-9 მაისის ღამეს, უცნობმა პირებმა „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ოფისსაც მიაკითხეს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე სიტყვით არაერთხელ გამოვიდა.

„თბილისში, ჩვენი ოფისის ფანჯრებზე პოსტერები გააკრეს წარწერებით - „მოღალატეები“, „უცხო ქვეყნის ფულის მონები“ და ა.შ. ჩვენ არ გვეშინია. ეს პოსტერები აღარ იქნება, ისინიც წავლენ და ჩვენ გავიმარჯვებთ. #არარუსულკანონს“, - წერს ცუცქირიძე.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეოსამეთვალყურეო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, გამთენიისას როგორ აკრავს რამდენიმე მამაკაცი პლაკატებს მისი საცხოვრებელი სახლის ღობესა და ჭიშკარზე. გარდა ამისა, ნატა ფერაძის ავტომობილზე გაკეთებულია წარწერა „ერის მტერი“. აქტივისტი პოლიციის გამოძახებას რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

„საქართველოში მკვლევარების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების ამ აქტებმა სრულიად ახალ დონე მიაღწია. ეს არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოა, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ცალკეულ პირებზე ძალადობისკენ“, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სიძულვილის კამპანიას.

პლაკატების გაკვრის პარალელურად, წუხელ, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურადაც ესხმოდნენ თავს. უცნობი პირები გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძეს და აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.

7 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, ხოლო 5 მაისს, ლანჩხუთში, სცემეს რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს. პროკურატურამ ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი ერთ პირს წარუდგინა, თუმცა აფხაზავა ამბობდა, რომ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. 3 მაისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რაზეც შსს-ს არავინ დაუკავებია. ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები ტელეფონით უკავშირდებიან, აგინებენ და ემუქრებიან მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებს, ვინც რუსულ კანონს აქტიურად უპირისპირდებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.