„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვზრდით ორნიშნა, 10 %-ით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას. ბუნებრივია მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი სირთულეებს წარმოშობს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერი მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამ ომმა რაც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით - მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი - ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე“, - პრემიერმა ინვესტორებს ახალი სქემა შესთავაზა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას.
„მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის ის 800 მეგავატი, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთი მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2008 წლიდან 2019 წლის 01 თებერვალის ჩათვლით, ჰიდროელექტროსადგურის პროექტებზე ინვესტორთან გაფორმებულია 187 ურთიერთგაგების მემორანდუმი.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა (2021-2031) მცირე, საშუალო და დიდი, 123 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათამდე ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. რამდენიმე საქმე სასამართლოშიც არის გასაჩივრებული, ძირითადად, არასაკმარისი კვლევების, მოსალოდნელი საფრთხეების, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
მოსახლეობის წინააღმდეგობის გამოა შეწყვეტილი 424 მგვტ სიმძლავრის ნამოხვანის ჰესების კასკადის, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესისა და 650 მგვტ სიმძლავრის ხუდონჰესის მშენებლობა.