გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2023 წლის იანვარში, 25 წლის მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც ცხედარი ჭაში ჩააგდეს და ჭა ბეტონით ამოავსეს. ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციისთვის 22 მაისს გახდა ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ.. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. სამართალდამცველებისთვის გ.მ.-ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 20 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მოკლული გ.ა. 16 მაისს, მეგობრებთან ერთად, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ მას ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელობაში ბრალდებულმა ა.ბ-მ და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
მკვლელობის ჩამდენმა საქართველო 19 მაისს დატოვა, ვიდრე პოლიციისთვის მოკლული ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ გახდებოდა ცნობილი. სამართალდამცველებმა ერთი პირი მკვლელობის დაფარვის, ხოლო ორი - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის ტერიტორიაზე, თბილისიდან გატაცებული ტაქსის მძღოლი, 54 წლის მამაკაცი მოკლეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა ცხედარი მდინარის პირას დამარხეს. პოლიციამ ძმები, 22 და 17 წლის ახალგაზრდები დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ძებნაშია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, დანაშაულში მონაწილეობდა.