გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის კუჭის ოპერაციის რეკლამა - კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თქვა, რომ გუშინდელ სასამართლო პროცესზე „კუჭის ოპერაციის რეკლამა“ ნახა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„600 დღე ხომ დაგვტანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო. 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და სააკაშვილმაც გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე ევროპარლამენტარებმა“, - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„გუშინ რომ დაინახეთ მიხეილ სააკაშვილი, მიხვდით, რომ ძალიან კარგად არის და ეს ყველაფერი ტყუილი იყო? ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ?“, - ჰკითხა ჟურნალისტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რაზეც მან უპასუხა:

„არ ვიცი, გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა. ერთი - ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის და მეორე - ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა“.

3 ივლისს, თებერვლის შემდეგ პირველად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება ბოდიშს ითხოვს ყველასგან, ვინც წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „სიყალბეს“ და „დეზინფორმაციას“ ავრცელებდა.

„თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული“, - განაცხადა სააკაშვილმა და საკუთარი მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.

ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეიძლება ფიზიკურად სუსტად იყოს, მაგრამ ძალიან ძლიერია შიგნიდან.

მიხეილ სააკაშვილის საკითხს დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მკაცრი პროტესტი და სთხოვოს მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, სასამართლო სხდომიდან სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ, „ყველაფერმა დუღილის წერტილს მიაღწია“ და კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს ელჩთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნა შეურაცხმყოფელია.

სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.