საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძალადე ჯგუფების მიერ „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ღონისძიების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დაარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცემოდათ პოლიციის რიგების გარღვევის საშუალება და უსაფრთხო დისტანციაზე დარჩებოდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ხილვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი, კერძო ღონისძიების აღსაკვეთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ღვთის სახელით მოქმედებენ. ახლა, ადამიანები შეიძლება ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემა და ის, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
შარშანდელ ღონისძიებებზე ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცემოდათ პოლიციის გარე ნაწილის გარღვევის საშუალება და რომ ისინი დარჩებოდნენ კონცერტზე დამსწრე ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციაზე. ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ.
ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს საშუალება მიეცა, თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი გაეარა ძალადობისკენ მოწოდებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრი გაერღვიათ, არამედ შესულიყვნენ ადგილზე და ვანდალურად დაერბიათ, გაეძარცვათ და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციის მხრიდან პასუხის გარეშე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკის ელჩის თქმით, თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმების სერია, როგორც ჩანს, კოორდინირებულია.
„ექსტრემისტები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს. ისინი არიან თავიანთ ფეისბუქის გვერდებზე, აღბეჭდილი არიან ვიდეოზე, მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამბობენ, რომ ყბების დაუნგრევენ და სისხლს დაღვრიან. ისინი დადიან თბილისის ქუჩებში და ხალხს ძალადობით ემუქრებიან, სიამაყით ამბობენ, რომ ძალადობას უჭრენ მხარს.
ვფიქრობ, თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, როდესაც ეს ადამიანები, რომლებიც ვიდეოზე არიან, დაკავებული და დასჯილი იქნებიან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
„პრაიდის ფესტივალი“ ლგბტქ+ თემის მიერ ორგანიზებული დახურული ღონისძიებაა, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ბოლო დღეს, 8 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. რადიკალური ჯგუფები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის ქუჩებში ე.წ. გეი პარადის გამართვა იყო დაგეგმილი და ამ გზით მოქალაქეების მობილიზებას ცდილობდნენ, მათ შორის რეგიონებიდანაც. პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია იმუქრებოდა, რომ „8 ივლისი 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“ იქნებოდა.
„პრაიდის ფესტივალის“ ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ღონისძიებაზე თავდასხმა და მისი ჩაშლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოძალადე ჯგუფებს შორის კოორდინირებით მოხდა.
„თბილისი პრაიდმა“ საჯარო ღონისძიებების გამართვაზე უარი სამი წლის წინანდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ თქვა. 2021 წლის 5 ივლისს, საპატრიარქოს, „ალტ-ინფოს“ და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის დროს, დედაქალაქის ცენტრში, ჯგუფურად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ და ტექნიკას უმტვრევდნენ. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს გარდაიცვალა. 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.
ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ: საპოლიციო ძალების მოჩვენებითი მობილიზაცია „პრაიდის“ დასაცავად და მხარდაჭერილი ფაშიზმი