იმედია, საქართველოს მთავრობის სარკისებური პასუხი მოჰყვება - გაიაშვილი უკრაინულ სანქციებზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაც სანქციებით უპასუხებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია.

ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ, მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ ჰკადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს.

ჩვენ 30 წელიწადია, კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა გაიაშვილმა.

გავრცელებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა, ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს და „ჯორჯიან ეარვეისი“ ვალდებულია, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეასრულოს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქცირებულთა სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 1-ელ ივლისს მიიღო, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანებით დაადასტურა. რუსეთთან და უკრაინის წინააღმდეგ ომთან კავშირის გამო სანქციები სულ 190 ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას დაუწესდა, მათ შორის, თამაზ გაიაშვილს და „ჯორჯიან ეარვეისს“.

სანქციების დაწესებამდე გაიაშვილი და ქართული ავიაკომპანია სანქციების რისკის წინაშე მყოფთა შორის მოხვდნენ. მათ შესახებ მონაცემები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ პორტალზე „ომი და სანქციები“ გამოქვეყნდა:

  • თამაზ გაიაშვილი - ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი, შპს „პილოტის“ მფლობელი და სომხური ავიახაზების (Air Dilijans) დამფუძნებელი. Air Dilijans-ს რუსეთში ფრენები არ შეუჩერებია და „ჯორჯიან ეარვეისს“ უწევდა მომსახურებას. 2019 წლიდან თამაზ გაიაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იდეას. ის ბიძინა ივანიშვილის კაცადაა პოზიციონირებული.
  • ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) - საქართველოს ფლაგმანური გადამზიდავი. ბაზირებულია დედაქალაქის აეროპორტში, თბილისში. კერძო ავიაკომპანია ახორციელებს ფრენებს საქართველოდან ძირითადად ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტებში. იგი დაარსდა 1994 წლის სექტემბერში, სახელწოდებით „აირზენა“. „ჯორჯიან ეარვეისი“ მთლიანად კერძო კომპანიაა, რომლის წილების 80%-ს დავით გაიაშვილი ფლობს. მას აქვს თანამედროვე ფლოტი და შედგება საშუალო მანძილის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებისგან. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, დირექტორი კი თამაზ გაიაშვილია.

პორტალზე ვკითხულობთ, რომ ავიაკომპანიის „საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებასა და გამარტივებას, მათ შორის საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების შექმნის რისკებს და ზრდის რუსული ბიზნესის ინტეგრაციას ქართულ ეკონომიკაში“.

2023 წლის 20 მაისს „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო და რეისების შესრულება დაიწყო. ამ გადაწყვეტილების გამო მას ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანია, გამდიდრების მიზნით, შექმნილი რეალობით სარგებლობს. საპასუხოდ, თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და თქვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებს, ვიდრე ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.