ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის გუბერნატორად გურიის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე დანიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან ხარაბაძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. 

ლევან ხარაბაძემ სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილი ჩაანაცვლა. შაყულაშვილმა, რომელიც გუბერნატორად 2022 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, თანამდებობა ღარიბაშვილის გადადგომიდან მალევე, მარტის დასაწყისში დატოვა. ის უარყოფდა, რომ თანამდებობიდან წასვლა პრემიერის შეცვლის გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, საჯარო სამსახურში 26-წლიანი მუშაობის შემდეგ დაიღალა და კერძო სექტორში გადასვლა სურდა.

ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. 2021 წლიდან დღემდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2019-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ლევან ხარაბაძეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.