გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ექსპერტები გამოვიდნენ რეკომენდაციით, რომ ვენეცია და მისი ლაგუნა საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ, რადან იტალიის ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს კლიმატის ცვლილებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენისგან ქალაქის დასაცავად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტების განცხადებით, ადამიანის მიერ გამოწვეული და ბუნებრივი ცვლილებების ერთობლივი ზემოქმედება შენობების და ურბანული არეალების მდგომარეობის გაუარესებას და დაზიანებას იწვევს.
BBC-ის ინფორმაციით, იუნესკოს ექსპერტებმა საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ვენეციის ჩართვის რეკომენდაცია ორი წლის წინაც გასცეს, თუმცა, ბოლო მომენტში მისი გათვალისწინება არ მოხდა იტალიის მთავრობის მიერ მიღებული გადაუდებელი ზომების გამო. კერძოდ, ამ ზომებს შორის იყო წმინდა მარკოზის არხში დიდი ზომის გემების აკრძალვა და დაპირება, რომ ხელისუფლება ქალაქის კონსერვაციის ამბიციურ გეგმას განახორციელებდა. ეს უკანასკნელი შეუსრულებელი დარჩა, დიდი გემების გატარება კი აიკრძალა, თუმცა, იუნესკოს ექსპერტები აცხადებენ, რომ აკრძალვა უნდა შეეხოს იმ ნავებსაც, რომლებიც გარემოს ძალიან აბინძურებენ.
ვენეციას ყოველწლიურად დაახლოებით 28 მილიონი ტურისტი სტუმრობს, რაც ურბანულ გაფართოებას და საბოლოო ჯამში, იუნესკოს ექსპერტების მოსაზრებით, ქალაქის დაზიანებას იწვევს.
ექსპერტების რეკომენდაციას იუნესკოს წევრი სახელმწიფოები სექტემბერში, საუდის არაბეთში, ერ-რიადში დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.
საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა საერთაშორისო საზოგადოებას აცნობებს, რომ საფრთხეშია ის მახასიათებლები, რის გამოც ესა თუ ის ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობად იქნა აღიარებული და ახალისებს მთავრობებს, საფრთხეში მყოფი ძეგლის დასაცავად ზომები მიიღოს. გარდა ამისა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს საშუალებას ეძლევა, განადგურების პირას მყოფი ძეგლისთვის დასახმარებლად თანხები დაუყოვნებლივ გამოყოს. იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი თავის მახასიათებლებს დაკარგავს, იუნესკო მას მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღებს, ისევე როგორც საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან.
ამ დროისთვის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადებულია 1157 ძეგლი (900 კულტურული, 218 ბუნებრივი, 39 შერეული). მათგან 55 საფრთხეშია.