იუსტიციის სამინისტრო პოლონელი ექიმების ჯგუფთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს პოლონელი ექიმების ჯგუფთან, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით თბილისში იყო გამოგზავნილი. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს, რაც შეეხებოდა მსჯავრდებული სააკაშვილისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ჩამოეყვანა საქართველოში მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამიერიდან ოჯახს, რა თქმა უნდა, ისევ ექნება შესაძლებლობა, ჩამოიყვანოს უცხოელი ექიმები, თუმცა ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა და ამ ექიმის ქცევა იყო სრულიად შეუსაბამო როგორც ეთიკურ ასევე სამართლებრივ ნორმებთან.

გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა და სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რატი ბრეგაძის თქმით, ქართულ მხარეს „საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშნები“ გაუჩნდა მთელი პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით. „შესაბამისად, ამ ეტაპზე ნამდვილად რთულია პასუხის გაცემა იმაზე, თუ რამდენად სანდო იქნება მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნები და რამდენად ექნებათ ექიმებს შესაძლებლობა, დაეყრდნონ მათ რეკომენდაციებს. საბოლოო ჯამში, ეს იმ ექიმების გადასაწყვეტია, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ მსჯავრდებულ სააკაშვილს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სამართლებრივად ექნება თუ არა ამ საქმეს გაგრძელება და მაგალითად, პროკურატურა დაიწყებს თუ არა მის შესწავლას, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება.

„ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი - ჩვენ მივეცით ექიმებს პოზიციის ცხადად დაფიქსირების შესაძლებლობა და გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავფიქრდებით შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

14 ივლისს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონელი ექიმების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია, ფეხსაცმელში დამალა და კლინიკა „ვივამედიდან“ მის მალულად გატანას ცდილობდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ექიმთა ჯგუფის მიზანი შეიძლება მხოლოდ ნიმუშის გაყალბება ყოფილიყო.

17 ივლისს, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარიუშ პიეტრჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.

19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს“. პოლონურმა მხარემ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 14 თვეა იმყოფება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.