საქართველოში დანიის ელჩის, ანნე ტოფტ სორენსენის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ამის შესახებ ელჩი დანიურ გაზეთში 10 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ელჩი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასულ წელს ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ელჩი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში რეფორმები ნელა მიმდინარეობს, პოლიტიკური კრიზისი კი მთავრობასა და ოპოზიციას შორის ღრმა განხეთქილებას და უნდობლობას იწვევს.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაფუძნებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა. ოპოზიცია, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და მთავრობას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობასა და ოპოზიციის წევრების დევნაში ადანაშაულებს“, - წერს ანნე ტოფტ სორენსენი.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკის გატარებაშიც დაადანაშაულეს.
„მათ [ხელისუფლებამ] ხელი არ შეუშალეს ზაფხულში მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებას და რუსეთს სანქციები არ დაუწესეს. პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გაზარდეს. უკრაინამ და ევროკავშირმა ეს პოლიტიკა გააკრიტიკეს, როგორც „შეუსაბამო“ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 90% მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს.
2023 წელი დაიწყო მარტში მასობრივი საპროტესტო აქციებით ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ მთავრობის კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც, გაწვეული რომ არ ყოფილიყო, უცხოეთიდან მხარდაჭერის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას (უცხოეთის აგენტად) სავალდებულოს გახდიდა. რუსეთში მსგავსი კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ჩასახშობად გამოიყენეს“, - წერს ელჩი.
ამ განცხადებების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის დაიბარა.
30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ რიგგარეშე ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ისევ პოლიტიკაში დაბრუნდა. „ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები“, - თქვა მან. ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად დაასახელა, რომ დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას და მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. მისივე თქმით, როცა ოპოზიცია სრულად განადგურებულია, მმართველ გუნდში რისკები იზრდება, მათ შორის, კორუფციის და ის სიმძიმის ცენტრის მისიას შეასრულებს.
„ქართულმა ოცნებამ“ წესდებაში ცვლილებები შეიტანა. ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.
ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობებს 2012-2013 წლებში იკავებდა. 2013 წლის 20 ნოემბერს ის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაც და თქვა, რომ პოლიტიკიდან წავიდა. 2018 წლის 11 მაისს ივანიშვილი კვლავ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. 2021 წლის 11 იანვარს მან განაცხადა, რომ საბოლოოდ დატოვა პოლიტიკა და „სრულად ჩამოსცილდა მართვის სადავეებს“,
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადებების მიუხედავად, ივანიშვილს არაფორმალურ მმართველობაში ადანაშაულებდნენ და მის სახელს უკავშირებდნენ პარტიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრების, მინისტრების, სხვა მაღალი თანამდებობის პირების შერჩევასა და დამტკიცებას.