საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. ის აქამდე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ახალი მინისტრი დღევანდელ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა.
კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს სერიოზული გამოწვევები აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სარჯველაძე „მისი პროფესიონალიზმითა და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი“.
მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1-ელ მარტს, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ დატოვა. ირაკლი კობახიძემ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების საფუძვლად კომუნიკაციის პრობლემა და ამასთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება დაასახელა. „მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა“, - განმარტა პრემიერმა.
მიხეილ სარჯველაძე სპეციალობით სამართალმცოდნეა. 2012 წლამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 2012-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თავმჯდომარე იყო, 2013-2018 წლებში კი იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2018-დან 2020 წლამდე იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2020 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. იგი ერთ-ერთია საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებს შორის, რომლებიც 2023 წლის მარტში მხარს უჭერდნენ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ „რუსული კანონის“ მიღებას.