კალაძე: ვაფრთხილებ ყველას - ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს აფრთხილებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს სხვადასხვა თემებზე, ძალიან ბევრი, უამრავი ინფორმაცია მათ გეგმებზე, გადასადგმელ ნაბიჯებზე. მე მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არავინ არ გაბედოს კანონის მიღმა ქმედებები. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება.

ვაფრთხილებ ყველას - ცეცხლს ეთამაშებიან. ვაფრთხილებ ყველას - ძალიან ფრთხილად იყვნენ. აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად?! კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ, მაგრამ როგორც კი გადაცდომა იქნება, ამას მოჰყვება ძალიან მკვეთრი რეაგირება, რა თქმა უნდა, ისიც კანონის ფარგლებში.

ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის მივცემთ დაპირისპირების, რევოლუციის უფლებას, ვინც არ უნდა იყოს, ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდან. არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ჩვენ უკვე წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ხელისუფლების ცვლილებები“, - განაცხადა კალაძემ.

რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები თბილისში 15 აპრილიდან იმართება. კახა კალაძის თქმით, „რეალურად“ აქციები ძალადობრივია და მის უკან დგანან „კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები“. კახა კალაძეს ისინი არ დაუსახელებია.

„რაც შეეხება დაპირისპირებას, პოლარიზაციას, ყველაფრის წაქეზება ხდება უცხოეთიდან. ჩვენ ვხედავთ არაერთ განცხადებას და ასევე, კონკრტული დაფინანსებით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება...

აღნიშნულ კანონზე ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ რაიმეს. ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები, გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა ქვეყანაში, გვინდა შევამციროთ ევროპული გავლნა, რუსული გავლენა, კიდევ სხვა ქვეყნების გავლენები. არის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი“, - თქვა კალაძემ მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ხელისუფლებამ არაერთხელ დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე დააკავა, მათ შორის 7 სისხლის სამართლის წესით. დაკავებულთა შორის არის სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძეც. პარალელურად, უცნობი პირები უსაფრდებიან და თავს ესხმიან აქციის მონაწილე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. სიძულვილის კამპანიის სამიზნეები არიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია 11 მაისს, შაბათს არის დაგეგმილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).