ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოპოზციონერმა ქალმა პოლიტიკოსებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრიფინგი გამართეს და მოითხოვეს, პროკურატურამ სასამართლოს ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე მიმართოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც თამარ კორძაიამ, კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ყოფილმა დეპუტატმა, განაცხადა, მზია ამაღლობელი რეჟიმის სინდისის პატიმარია.

„ის სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ მედიის თითოეული წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი. მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისთვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად, საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია.

მზია ამაღლობელი უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის. ამიტომ ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ისე ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის სახე უწოდა და თქვა, რომ რეჟიმი მას რუსული მეთოდებით ებრძვის.

„ერთი რამ ცხადია, საქართველოში დღეს არის მცდელობა, დამყარდეს რუსული ტირანია. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ მოხდა რუსეთსა და ბელორუსში თავისუფალი მედიის განადგურება, მათ შორის ჟურნალისტი ქალები იყვნენ რეჟიმის პირველი სამიზნე. გვახსოვს როგორ კლავდნენ, ჟურნალისტი ქალების ფიზიკური ლიკვიდაცია გვახსოვს.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სამოქმედო გეგმას იღებს რუსეთისგან, ფიქრობს, რომ ზუსტად იმავე მეთოდებით, ჯერ დაპატიმრებით და გაჩუმებით და შემდეგ თუ საჭიროება დადგა, განადგურებით, შეძლებს, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს თავისუფლება, მედიის, საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი თავისუფლება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ქალმა პოლიტიკოსებმა მოამზადეს ერთობლივი წერილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობას, მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს გაუგზავნიან.

„ერთობლივი წერილით ვითხოვთ, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და ასევე იმას, რომ შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ; გათავისუფლდეს საპატიმროდან მზია ისევე, როგორც ყველა პოლიტპატიმარი.

მინდა წაგიკითხოთ გვარები: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ კიდე უფრო მეტი კოლეგა შემოგვიერთდება. მთავარი არის ის, რომ შეწყდეს ზეწოლა და შიმშილობა“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.

დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატების განცხადებით, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველის და ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან მისი ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. მზია ამაღლობელის ადვოკატები და კოლეგები ითხოვენ, საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიენიჭოს და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი იქნეს გამოძიებული, გამოძიების მიმდინარეობის დროს კი პოლიციის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.