კანონი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მხოლოდ ტელევიზიებისა და რადიოების შინაარსობრივ რეგულირებას გეგმავდა, ახლა უკვე ინტერნეტს და სოციალურ ქსელებსაც შეეხება. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„გვაქვს ასეთი მოცემულობა: მაგალითად, რომელიმე მაუწყებელს იმავდროულად აქვს საიტიც, აქვს სოციალური ქსელიც. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია თუნდაც სოციალური ქსელით და თუნდაც ვებ-გვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება. ამიტომ,
პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, გუნდის შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული.
გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საშუალებებით ხდება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს“, - განაცხადა გორდულაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა.
გორდულაძის თქმით, კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმედია მომსახურება და გამოყენებული იქნება შემდეგი დეფინიცია: „ინტენერტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება“. ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება „მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გასავრცელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენისა და ინტერნეტ ჰოსტინგს“.
„ეს არის შინაარსი. მეორე მოსმენის ფორმატში, პლენარულ სხდომაზე, შესაძლებელია, კიდევ უფრო ზუსტი დეფინიცია იყოს წარმოდგენილი“, - არჩილ გორდულაძემ დააზუსტა, რომ კანონი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე:
„მთავარი ის არის, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ. აქ იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება და ხერხი ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორც საიტებს, ასევე სხვადასხვა აპლიკაციას და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა. [...]
ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა ზუსტად იგივენაირად იქნება, როგორც არის მაუწყებლის შემთხვევაში, რაც პირველ შემთხვევაში გულისხმობს გაფრთხილებას, შემდეგ - დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - შესაძლებელია, რომ [კომუნიკაციების] კომისიამ გამოიტანოს ჯარიმები ბრუნვის 0.5%-ის, 1%-ის, 3%-ის ოდენობით. ცალკე მსჯელობის საგნად შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ მოხდეს შესაბამისი ინტერნეტ დომეინის ან ინტერნეტ ჰოსტინგის ფუნქციონირების შეწყვეტა იქიდან გამომდინარე, რომ მაუწყებლის შემთხვევაში გათვალისწინებულია ავტრორიზაციის შეწყვეტა“.
სახეცვლილი კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით 4 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს. სწორედ მაშინ ანტიდასავლური გზავნილებით ცნობილი „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოვიდა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, მაუწყებლებს ეკრძალებათ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება, ასევე, იზრდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები. კერძოდ, რიგი საკითხები, რაც დღემდე მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების სფეროში იყო, კომისიის რეგულირებაში გადადის.
