„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციების გამართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, რაც უკრაინამ საქართველოს ელჩისგან მოითხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ, ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მარტივი მიზეზის გამო: ერთი - ეს არის, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოსა და უკრაინას, ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობრობას და მეორე - ეს ქვეყანა, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი მიზეზი რატომაც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა, რომლებიც გაკეთდა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერანაირი კონსულტაციები ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით“, - უთხრა კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები, იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, აღარ არის საინტერესო.
3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს. მან ოფიციალურ თბილისს მოუწოდა, „შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას“.
4 ივლისს, ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაიბარეს და მკაცრი პროტესტი გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მნიშვნელოვანი გაუარესების“ გამო. ქართველ დიპლომატს განუცხადეს, რომ „მიხეილ სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია“ და „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის შეურაცხყოფა“.
„ამასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩისთვის, გიორგი ზაქარაშვილისთვის შეთავაზებული იქნა თბილისში დაბრუნება კონსულტაციებისთვის - შექმნილი სიტუაციის მოგვარების გზების საძიებლად. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის, სასწრაფოდ განიხილოს სამკურნალოდ და მოვლისთვის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხი“, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გიორგი ზაქარაშვილს უკრაინის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მიეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინული მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმად შეაფასა. სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა“. შესაბამისად, ქართული მხარისთვის ოფიციალური კიევის გადაწყვეტილება გაუგებარია.