საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ თბილისში კონსულტაციების გამართვის მიზნით საქართველოს ელჩისთვის ქვეყნის დატოვების მოთხოვნა დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.
„აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა - დღეს ქალაქ კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.
საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას.
სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამასთან, სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, თებერვლის შემდეგ პირველად, საკუთარ სასამართლო პროცესზე 3 ივლისს გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მკაცრი პროტესტი და სთხოვოს მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ მოახდინონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.
ამ თემაზე:
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელია - კობახიძე
„საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“ - კულება სააკაშვილის საკითხზე