საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა „ანტიქართულს“ უწოდებს ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობების გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე და აცხადებს, რომ „შემხვედრ ზომებს“ არ მიიღებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ესტონეთსა და ლიეტუვას „ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი“ და მათი მთავრობები „არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ“.
„სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.
ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!“, - აცხადებს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა.
2 დეკემბერს ესტონეთმა და ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს კიდევ 9 მაღალჩინოსანს. 15 დეკემბერს ქვეყნებმა სანქცირებულთა სია გააფართოვეს - ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს კიდევ 14 მაღალჩინოსანს აეკრძალა, ხოლო ლიეტუვაში - 17-ს. მათ შორის არის ირაკლი კობახიძეც.
„მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და მიიღონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
ლიეტუვის საგარეო უწყებამ დამატებით სანქცირებული 17 პირის სიაც გაასაჯაროვა. ირაკლი კობახიძის გარდა, მასში მოხვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე.
